
საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელგრადიდან პირველი პირდაპირი რეისი Air Serbia-მ ცოტა ხნის წინ შეასრულა. პირველი რეისის მგზავრებს შორის იყო სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი, რომლესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და საქართველოსა და სომხეთში სერბეთის ელჩი ტატიანა პანაიუტოვიჩ ცვეტკოვიჩი დახვდნენ.
თბილისის აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც ავიაციისა და ტურიზმის სექტორისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.
,,მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე სერბეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი გაცილებით ინტენსიური გახდა. მსურს, აღვნიშნო, რომ ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა. ავიაკომპანია ოპერირებას ბელგრადსა და თბილისს შორის სრული წლის განმავლობაში კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს, რაც იმედი გვაქვს, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვაში,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს, საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 18,325 მგზავრი შეაედგინა. რაც 97 %-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.