საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

აეროპორტები

თბილისი

ბათუმი

ქუთაისი

მესტია

ამბროლაური

ბოლო სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ქართული რესტორანი გაიხსნა

ხუთშაბათი, 15 FEBRUARY 2024 13:33

,,თაკარა“ - პირველი ქართული რესტორანია, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ობიექტი გაფრენის დარბაზის მეორე სართულზე მდებარეობს და აეროპორტში პირველი A la carte რესტორანია, რომელიც მგზავრებს ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

პირველი ქართული რესტორანი ოფიციალურად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ,,თაკარას“ დამფუძნებლებთან, ირაკლი ლომიძესთან და ზვიად მექერიშვილთან ერთად გახსნა.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ,,თაკარა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განსხვავებული  ტიპის რესტორანია, რომელიც მგზავრებს, როგორც ტრადიციული ქართული, ისე ევროპული კერძების ნაირსახეობის სრულ სერვისს სთავაზობს.

,,რესტორანი ,,თაკარა“ სპეციალურად ქუთაისის აეროპორტისთვის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ადგილი ქუთაისში, სადაც ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის საყვარელი პროდუქტი ,,ლაღიძის წყლები“ იყიდება და ხელმისაწვდომია ჩვენი აეროპორტის სტუმრებისთვის. სააეროპორტო სერვისების გარდა, რესტორან ,,თაკარას“ არსებობა ქუთაისის აეროპორტში მნიშვნელოვანია იმითაც, რომ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და დასაქმებულია 40 ადგილობრივი. მოთხოვნასთან ერთად მათი რაოდენობაც გაიზრდება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტებიდან, ექსკლუზიურად მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რესტორან ,,თაკარაში“ არის შესაძლებელი მგზავრებთან ერთად ნებისმიერმა მსურველმა ქართული უალკოჰოლო სასმელების ბრენდის, ,,ლაღიძის წყლები“ დააგემოვნოს.

მგზავრებს შეეძლებათ შეუკვეთონ კერძები მენიუდან, რომელსაც მზარეული მათთვის უმოკლეს დროში მოამზადებს. ასევე,  ისარგებლონ ე.წ. take away-ის სერვისით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნილ პირველ ქართულ რესტორანში ამჟამად 40 მდე ადგილობრივია დასაქმებული.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის BARTA 2023-ის გამარჯვებულთა შორისაა

ორშაბათი, 12 FEBRUARY 2024 14:41

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის BARTA 2023-ის გამარჯვებულთა შორისაა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ყოველწლიურ კონკურსის (BARTA) ერთ-ერთი გამარჯვებულია. კომპანიას  BARTA 2023-ის მეხუთე საიუბილეო კონკურსზე ყველაზე მეტად გაუმჯობესებული ანგარიშის ჯილდო მიენიჭა.

ყოველწლიური ღონისძიების მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი. BARTA 2023-ის კონკურსში აეროპორტების გაერთიანება მონაწილეობას კატეგორიაში მცირე და საშუალო კომპანიები იღებდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის გაცნხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა.

,,მოხარულები ვართ, რომ 2023 წელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ფინანსური გამჭვირვალობის კუთხითაც წარმატებული იყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებები აუდირებულია საერთაშორისო აუდიტორის მიერ, და მასზედ გაცემულია არამოდიფიცირებული აუდიტის დასკვნა. წლიური აუდირებული ანგარიშგებების წარდგენას ვახორციელებთ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS) საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის კომპანიებისთვის კანონით დადგენილ ვადებში.  ჩვენთვის,  მნიშნველოვანია კორპორაციული ანგარიშგების სტანდარტის ამაღლება, შესაბამისად ამ მიმართულებით აღიარებას დიდი როლი ენიჭება.-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსი BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები წლიური ანგარიშის ფარგლებში მმართველობითი, კორპორაციული მართვის და არასაფინანსო ანგარიშგებებს წარადგენენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა

ორშაბათი, 12 FEBRUARY 2024 14:25

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით  სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში ბოლო 4 წლიანი გამოცდილება აქვს. ამასთანავე, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომზადებული  2000 მ2 მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს. დაინტერესებულ პირებს წინადადების წარმოსადგენად 45 დღიანი ვადა ეძლევათ.

ტექნიკური დავალების თანახმად, ტერმინალის  სავარაუდო საერთო ფართი უნდა შეადგენდეს 800 -900 მ2 და გათვლილი უნდა იყოს ერთდროულად  100 მგზავრის მომსახურებაზე. ასევე დასაპროექტებელია ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც დაახლოებით  5000 მ2 ფართზე, სადაც განთავსებული უნდა იყოს 30 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი.

კონკურსის დეტალური პირობების, Ⴑაუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე.

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=562112&lang=ge

პროექტი უნდა  მომზადდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში, რაც მოიცავს ასევე  საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვადას.