ავიაკომპანია “WIZZ AIR”-ის პრეზიდენტმა წლის ანგარიში წარადგინა ხუთშაბათი, 16 JANUARY 2014 14:38 | News |
16 იანვარს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ “WIZZ AIR” დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 1 წლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამა და პრეზენტაცია გამართა“WIZZ AIR”-ის პრეზიდენტმა ბატონმა ჯოზეფ ვარადმა პოზიტიურად შეაფასა 1 წლის განმავლობაში ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება და განაცხადა, რომ ქართველი მგზავრების ერთგული რჩება და უახლოეს მომავალში მგზავრებს კიდევ რამოდენიმე მიმართულებას შესთავაზებენ. “აღფრთოვანებული ვარ იმ ფაქტით, რომ ჩვენი კომპანია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ქართველი მგზავრების ისე უცხოელი ვიზიტორების მხრიდან. 1 წლიანი ოპერირების ფარგლებში ჩვენ 170 000-მდე მგზავრს მოვემსახურეთ და 2014 წლის ზაფხულისათვის მგზავრთნაკადის გაორმაგებას ვგეგმავთ. საქართველოს აქვს პოტენციალი განავითაროს ტურიზმი და გააფართოვოს კავშირები დასავლეთ ევროპასთან, რაშიც ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ“-განაცხადა ჯოზეფ ვარადმა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, „ავიაკომპანია „Wizz Air“-ის გააქტიურებამ და 1 წლიანმა წარმატებულმა თანამშრომლობამ, საქართველოს ავიაბაზარზე ხელი უნდა შეუწყოს სამომავლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების დაინტერესებას. დღეს ჩვენ შევაჯამეთ ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგები და ვიმსჯელეთ ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხზე. ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წლის მარტიდან ავიაკომპანია დამატებით ახალ ავიარეისებს ვილნიუსისა და ლვოვის მიმართულებით განახორციელებს. ახალი რეისების დამატებით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მივცემთ მგზავრებს გადაადგილდნენ სხვადასხვა მიმართულებებით კომპორტულად და რაც მთავარია დაბალ ფასად. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული სააეროპორტო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და რაც მთავარია, უზრუნველვყოთ ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა ავიაკომპანიებს შორის.“ ვიზიტის ფარგლებში ავიკომპანიის პრეზიდენტი ბატონი ჯოზეფ ვარადი შეხვდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ასევე, ეწვევა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს, სადაც დამატებით შეხვედრებს გამართავს აეროპორტის ხელმძღვანელობასთან |