There are no translations available.
2014 წელს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ავიარეისები შესრულდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.მათივე ინფორმაციით, დღეს, 31 მარტს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა
ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვილნიუსის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. შესრულდა კიდევ ერთი რეისი ევროპის გეოგრაფიული ცენტრიდან – ვილნიუსიდან.
ახალი რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიფინგი გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, 2013 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მიმდინარეობდა მუშაობა, რომ ქუთაისის აეროპორტს ახალი რეისები დამატებოდა. "2012 წლის 27 სექტემბერს აეროპორტი გაიხსნა ძალიან ნაჩქარევად, შესაბამისად მთელი 2013 წლის განმავლობაში ჩვენ ხელისუფლებას ყოველდღიურად მუხლჩაუხრელი შრომა დასჭირდა იმისათვის, რომ აეროპორტს ნორმალური მუშაობა გაეწია: გამოიყო დამატებით 20 მილიონ ლარამდე ინვესტიცია, დასრულდა სამშენებლო სამუშოები, გასტუმრებულ იქნა კრედიტორული დავალიანება. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ ქუთაისის აეროპორტი იყოს წარმატებული, სერვისები კი - მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ჩვენი მეშვეობით და მეოხებით დღეს ქუთაისის აეროპორტში ყველა პირობაა შექმნილი, რათა სრულფასოვნად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახუროს მგზავრებსა და ავიაკომპანიებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ 2013–2014 წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმებულთა რაოდენობა 100 % მეტით გაიზარდა. 2012 წლის 27 სექტემბრიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 228 150 მგზავრს და 2198 რეისს. მათ შორის, 2014 წლის 1 იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 50 997 მგზავრს და 246 რეისს. "სადღეისოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები სრულდება შემდეგი მიმართულებებით: კიევი, ხარკოვი, დონეცკი, ვარშავა, კატოვიცე, მოსკოვი, მინსკი, თელავივი. გარდა ამისა, აეროპორტი ასევე ემსახურება კერძო ჩარტერებს და ბიზნეს ჯეტებს. ზაფხულის სეზონიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყება ახალი მიმართულებები: ლვოვი (მაისიდან) და ბუდაპეშტი (სექტემბერიდან). 2015 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იგეგმება WIZZ AIR ბაზის გახსნა, რაც გამოიწვევს ქართული ეკიპაჟების დასაქმებას და ასევე ახალ მიმართულებებს გერმანიის, იტალიის და ესპანეთის მიმართულებით", - განმარტავენ სამინისტროში. გარდა ამისა, ავიარეისების მატებასთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდება საერთაშორისო მოფრენის დარბაზის გაფართოება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აეროპორტს დაემატა ახალი მომსახურებები, კერძოდ: მგზავრთა ტრანსპორტით მომსახურება საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით; უბაჟო ვაჭრობის მაღაზია; 3 კვების ობიექტი; გაიხსნა სხვადასხვა სალაროები, ბანკი; ამუშავდა ავტომატური ავტოსადგომი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ადმინისტრაციამ რეისის პირველ მგზავრებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო და თითოეულ მგზავრს საჩუქრად ქართული ღვინო გადასცა.
|