საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


"საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" Routes Silk Road 2014-ს უმასპინძლებს | News

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭრით, 6-8 ივლისს თბილისში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საავიაციო ფორუმს, Routes Silk Road 2014-ს უმასპინძლებს.

ბრიტანული კომპანია UBM Routes-ი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ავიაციის განვითარების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საავიაციო ფორუმებს უწევს ორგანიზებას. Routes Silk Road-ის გარდა, კომპანიის ეგიდით იმართება Routes Asia, Routes Africa, Routes Europe, Routes America, Routes CIS და Routes World. ფორუმებზე მონაწილეობას იღებენ აეროპორტების, ავიაკომპანიების, ტურისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც განიხილავენ საავიაციო სფეროში აქტუალურ პრობლემებს, იკვლევენ მათი გადაჭრის გზებს, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თანამშრომლობაზე და გეგმავენ ახალ ავიარეისებს.

Routes Silk Road 2014-ის ფარგლებში საქართველოს 200-ზე მეტი დელეგატი, აქედან 40-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 50-ზე მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი პირი ეწვევა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნების აეროპორტებისა და ავიაკოპანიების წარმომადგენლები. მათ შორის, Etihad, Air China, China Southern, Turkish Airlines, Aeroflot, Air Astana, Air Baltic. ასევე, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, როგორებიცაა, EasyJet, AirArabia, AirAsia, Wizz Air და სხვა.

Routes Silk Road 2014-ის სამოქმედო გეგმა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი სტრატეგიული სამიტს დაეთმობა, სადაც დელეგატები სიტყვით წარსდგებიან და მთავარ თემებს განიხილავენ. 6-7 ივლისს, Routes Silk Road 2014-ის ფარგლებში დელეგატები ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ქვეყნების მმართველი პირებისაგან ტურიზმის ხელშეწყობა და თანამედროვე საავიაციო პრობლემების გადაჭრის გზები.

6 ივლისს, 14 საათზე, Radisson Blue Iveria-ში სტრატეგიულ სამიტს გახსნის “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და Routes-ის პროგრამების მენეჯერი მაიკლ მილერი. სამიტზე სიტყვით გამოვლენ მაღალი რანგის ლიდერები, როგორებიც არიან რეგიონული აეროპორტების საავიაციო ბიზნისის განვითარების მენეჯერი ვლადიმერ კამინინი, TAV საქართველოს გენერალური მენეჯერი მეთე ერკალი, აიატას რეგიონული დირექტორი ნიკოლა ბუსოტი და სხვები.

ფორუმის მეორე ნაწილი პირისპირ შეხვედრებს დაეთმობა. 7-8 ივლისს აეროპორტებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლები პირისპირ განიხილავენ შესაძლო თანამშრომლობის გზებს, მოლაპარაკებას აწარმოებენ ახალი ავიარეისების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

Routes Silk Road 2014 ახალი გამოწვევაა საქართველოსათვის. ქართული ავიაციის განვითარებისა და ახალი ავიარეისების დაგეგმვის გარდა, ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ტურიზმის განვითარებას. ქვეყნისთვის წარმატების მომტანი პროცესის ფონზე, დღეს, როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშკრულებაზე ხელი მოწერილია,  „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ხელს შეუწყობს ქვეყნის კიდევ ერთ წარმატებუ ნაბიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.